Tuesday, April 12, 2011

საქართველოს ფლორა და ფაუნა

ფლორა და ფაუნა

მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების მოქმედების შედეგად, ამ მცირე ჰიფსომეტრიული ამპლიტუდის მქონე რეგიონში ჩამოყალიბდა მკაფიოდ გამოკვეთილი ხუთი მცენარეული ტიპი — უდაბნო, ნახევარუდაბნო, არიდული მეჩხერი ტყე, სტეპი და ფოთლოვანი ტყე და ოთხი ინტრაზონალური ტიპი — კლდეთა ქსეროფიტები, ჭალის ანუ მდინარისპირა ტყეები, მთისწინების ძეძვიანი და კირქვიანის მცენარეულობა. ხმელეთის ასეთ მცირე ფართობზე მცენარეული ტიპების ამგვარი სწრაფი ცვლა საქართველოს არცერთ კუთხეში არ შეინიშნება.

ნახევარუდაბნოს მცენარეულობაში გამოიყოფა ავშნიან-უროიანი და ავშნიან-ჩარანიანი ფორმაციები. ბუჩქბალახები: ავშანი (Artemisia fragrans), ჩარანი (Salsola ericoides), უფრო მცირე რაოდენობით ყარღანი (Salsola dendroides), იშვიათად წითელწვერა (Kochia prostrata).
ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობებია: ხემცენარეებიდან — საკმლის ხე (Pistacia mutica), ხემაგვარი ღვიები (Iuniperus foetidissima, I. polycarpus, I. rufescens); მათ მშრალი ხევების გასწვრივ ემატება — კავკასიური აკაკი (Celtis caucasica), ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum), თელა (Ulmus foliacea); ბუჩქებიდან — ძეძვი (Paliurus spina-christi), შავჯაგა (Rhamnus Pallasii), მენახირის ბალი (Cerasus microcarpa, incana), ჟასმინი (Iasminum fruticans), თრიმლი (Cotinus coggygria), ქართული ცხრატყავა (Lonicera iberica); მშრალი ხევების გასწვრივ — ქართული კოწახური (Berberis iberica), ბროწეული (Punica granatum) და სხვა.


ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ყარღანი, შოროქანი და ნაცარქათამასებრთა ოჯახის ერთწლოვანი სარეველა მცენარეები. გამოსარჩევია ჰალოფიტი ბუჩქ-ბალახი Kalidium caspicum, რომელიც ძალიან იშვიათია საქართველოსათვის. ხეობის მარჯვენა მხარეზე, თაბაშირის შემცველ თიხიან ფერდობზე, დეკორატიული ბუჩქის — Eversmania subspinosa-ს ერთადერთი ადგილსამყოფელია საქართველოში. მასთან ერთად მრავლადაა დეკორატიული ეიხლერის ტიტა (Tulipa Eichleri) და ეფემეროიდი ტუბერ-გორგლიანი (Bongardia chrisogonum). ყაშებ-შავი მთის ფარგლებში ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობაა ქართული მუხა (Quercus iberica).

No comments:

Post a Comment